Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში გამძაფრდა ბრძოლა დონეცკის აეროპორტისთვის


17 იანვარს გამძაფრდა დონეცკის აეროპორტზე კონტროლის დამყარებისთვის ბრძოლა უკრაინის არმიას და პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის. დღის განმავლობაში იყო აფეთქებები, ისმოდა საარტილერიო ცეცხლის ხმა, დაღუპულია კიდევ სულ მცირე ექვსი ადამიანი. კიევმა დამატებითი ძალები მიავლინა ფრონტის თოვლიან ხაზზე, სადაც მთავრობა აცხადებს, რომ მისი ძალები იცავენ თავიანთ პოზიციებს, მიუხედავად სეპარატისტთა განცხადებისა, რომ მათ მთელი აეროპორტი დაიკავეს. ადგილზე დისლოცირებული სამთავრობო ძალების ცნობით, მათი პოზიციებისთვის გახსნილი ცეცხლი ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურია 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ომში. უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწის, იური ბირიუკოვის განცხადებით, მთავრობის ძალებმა შესძლეს 23 დაჭრილი სამხედროს და სამი დაღუპული ჯარისკაცის გვამის ევაკუაცია აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან 17 იანვარს. ბოლო პერიოდში გამძაფრდა ბრძოლა აეროპორტისთვის, მიუხედავად სექტემბერში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებისა. წარუმატებლად დამთავრდა მინსკში სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების მცდელობები. გაეროს უშიშროების საბჭომ 16 იანვარს გამოაცხადა, რომ უკრაინის კრიზისზე მსჯელობის მიზნით მომავალ კვირაში სხდომას გამართავს. ეს საბჭოს 27-ე შეხვედრა იქნება ამ კრიზისის თაობაზე, რომელსაც 4,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG