Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა საქართველოს 13 მილიონი ევრო გამოუყო


27 იანვარს ევროკავშირმა გრანტების სახით საქართველოსთვის გამოყო 13 მილიონი ევრო, რომელიც არის საქართველოსთვის განსაზღვრული 46 მილიონი ევროს მაკროსაფინანსო დახმარების პირველი ტრანშის ნაწილი. ეს დახმარება 2013 წელს დამტკიცდა. პირველი ტრანში მოიცავს აგრეთვე 10 მილიონ ევროს სესხების სახით, რომელიც ახლო მომავალში გაიცემა. მეორე ტრანში - 23 მილიონი ევრო 2015 წლის შუაში გამოიყოფა. ევროკომისარმა ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებში პიერ მოსკოვიცმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ასრულებს დაპირებებს: „მხარს ვუჭერთ საქარველოს მცდელობებს შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი რეფორმების გატარებისას და ვეხმარებით ევროკავშირთან მის მეტ ეკონომიკურ ინტეგრაციას“. მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამა არის ევროკავშირის კრიზისთან გამკლავების ინსტრუმენტი იმ მეზობელი პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც საგადამხდელო ბალანსის სერიოზული პრობლემები აქვთ. აღნიშნული პროგრამა არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების დამატება. საქართველოს მაკროსაფინანსო დახმარების ორი პროგრამის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა მიიღო 2008 წლის ოქტომბერში გამართულ დონორთა კონფერენციაზე. ეს დახმარება ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცეს 2013 წლის აგვისტოში. მაკროსაფინანსო დახმარების პირველი პროგრამა 46 მილიონი ევროს ოდენობით განხორციელდა 2009-2010 წლებში.

XS
SM
MD
LG