Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის განცხადებით, ლარის გაუფასურება განაპირობა რეგიონში შექმნილმა კრიზისმა


„ეროვნული ვალუტის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, შემაწუხებელია პირადად ჩემთვისაც, რადგან ეს მოსახლეობას აწუხებს“, - განაცხადა თბილისში დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, სურს მოსახლეობას კარგად აუხსნას, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება განაპირობა მთლიანად რეგიონში შექმნილმა კრიზისმა, რადგან უკრაინაში ომია, საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები კი სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიან. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა არ არის იმდენად ძლიერი, რომ მსგავს საგარეო შოკს გაუძლოს, თუმცა შექმნილ ვითარებაშიც მთავრობამ მოახერხა და შარშან ეკონომიკა 4,7%-ით გაზარდა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ის, რომ ბოლო ხანს ლარი 30%-ით გაუფასურდა, არ არის საქართველოს მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, მას არ აქვს კონკრეტული რეცეპტი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამჟამინდელი მდგომარეობიდან დღეს, ან ხვალ, რადგან პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება. პრემიერის პროგნოზით, სიტუაცია სტაბილური გახდება ზაფხულისთვის და ამის წინაპირობა იქნება ახალი ინვესტიციები და ტურისტების რაოდენობის გაზრდა. „ჩვენი ექსპერტების და ანალიტიკოსების დასკვნით, კრიტიკული პერიოდი პრაქტიკულად გადაილახა და ლარის კურსი ნელნელა ქვევით უნდა ჩამოვიდეს“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეკითხვას, კმაყოფილია თუ არა მთავრობის ყველა წევრის მუშაობით, პრემიერმა უპასუხა, რომ არა, თუმცა უახლოეს ხანში რაიმე საკადრო ცვლილებას არ გეგმავს.

XS
SM
MD
LG