Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრების მინდია ჯანელიძის და მირჩა დუშას შეხვედრა და მათი ერთობლივი ბრიფინგი. მინდია ჯანელიძის განცხადებით, რუმინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სერიოზული მხარდამჭერია. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რუმინელ კოლეგასთან დღევანდელი შეხვედრისას როგორც ნატოსა და ევროკავშირის, ისე ორმხრივი ფორმატებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული გეგმები და მიმართულებები და ამ სფეროებში ძალიან ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. ბრიფინგზე მირჩა დუშამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ რუმინეთის წარმომადგენელი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს ნატოს მთავარ ჯგუფში, რომელიც საქართველოში იმუშავებს არსებითი პაკეტით განსაზღვრული მიზნების შესასრულებლად. რუმინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია და ყოველთვის, როცა ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი იმართება, საქართველოსთან ურთიერთობებს ეძღვნება სპეციალური კომისიის და სესიის სხდომები. მირჩა დუშას თქმით, ამ სხდომებზე რუმინეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაცია, ისევე როგირც უკრაინის და მოლდავეთისა. "საქართველო წინ სწორი გზით მიდის და ჩვენ ჯეროვნად უნდა შევაფასოთ და ბიძგი მივცეთ ყველა ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს არსებითი პაკეტის რეალიზაციას“ - განაცხადა მირჩა დუშამ. მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან დღევანდელი შეხვედრისას განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ვითარებაც, განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის ფონზე და შავი ზღვის რეგიონშიუსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობა. დღესვე რუმინეთის თავდაცვის მინისტრი მირჩა დუშა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

XS
SM
MD
LG