Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"როსფინმონიტორინგმა" განსაზღვრა "საეჭვო" ქვეყნების სია


რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა - „როსფინმონიტორინგმა“ ბანკებს დაავალა დაუყოვნებლივ აცნობონ უწყებას კლიენტების ფინანსური ოპერაციების შესახებ, თუკი ისინი განხორციელდება „როსფინმონიტორინგის“ მიერ განსაზღვრულ 41 ქვეყანაში. ამის შესახებ 20 აპრილის „იზვესტია“ წერს, საზედამხედველო უწყების მიერ საკრედიტო დაწესებულებებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით. ქვეყნების აღნიშნულ ჯგუფში შედიან: აშშ, კანადა, ევროკავშირის 28 ქვეყანა, ავსტრალია, ნორვეგია, ირანი, სირია, სუდანი, ახალი ზელანდია, არგენტინა, მექსიკა, შვეიცარია, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა და იამაიკა. ამ ქვეყნებთან განხორციელებული გარიგებები „საეჭვოდ“ ითვლება და ბანკებს არ ურჩევენ მათ განხორციელებას. „როსფინმონიტორინგთან“ დაახლოებული წყაროს თანახმად, „საეჭვო“ ქვეყნების სია შედგა „მსოფლიოსა და რუსეთში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესაბამისად“. მასში მოხვდნენ ის სახელმწიფოები, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთმა დააწესა საპასუხო სანქციები, აგრეთვე ის ქვეყნები, რომლებიც არ ასრულებენ საერთაშორისო მოთხოვნებს ფულის გათეთრების, ტერორიზმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ. „იზვესტია“ წერს, რომ „როსფინმონიტორინგის“ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკების მოქმედებები შეფასდება, როგორც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობის დარღვევა და შესაძლებელია ბანკს ლიცენზიაც კი ჩამოართვან.

XS
SM
MD
LG