Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი „გაზპრომს“ ადანაშაულებს კონკურენციის წესების დარღვევაში


ევროკავშირმა რუსეთის ენერგოკომპანია „გაზპრომს“ წაუყენა ბრალდება, რომ ბოროტად სარგებლობს თავისი დომინანტური პოზიციით აღმოსავლეთ ევროპის რვა ქვეყანაში. ბრალდების წაყენება მოჰყვა 2012 წელს დაწყებულ მოკვლევას ევროკავშირის რამდენიმე წევრის საჩივრის საფუძველზე. ევროკომისია აცხადებს, რომ „გაზპრომი“ ხელს უშლის კონკურენციას და მეტისმეტად დიდ ფასს ახდევინებს ხუთ მომჩივან ქვეყანას. ანტიმონოპოლიური წესების დარღვევაში „გაზპრომის“ დადანაშაულების ფონს ქმნის ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, რომელთა მიზეზიც არის უკრაინაში რუსეთის მოქმედება. ახლა „გაზპრომს“ 12 კვირა აქვს ევროკავშირის ბრალდებებზე საპასუხოდ. ცნობების თანახმად, თუკი ევროკავშირი გადაწყვეტს „გაზპრომთან“ დაპირისპირება სასამართლო განხილვამდე მიიტანოს, რუსეთის სახელმწიფო გიგანტი შესაძლოა, 10 მილიარდი ევროთი დაჯარიმდეს. ეს იქნებოდა ყველაზე დიდი ჯარიმა ევროკომისიის ანტიმონოპოლიური სამსახურების პრაქტიკაში.

XS
SM
MD
LG