Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის პოლიციამ დაიწყო ოპერაცია „შეიარაღებული ჯგუფის“ წინააღმდეგ


მაკედონიის პოლიციამ დაიწყო მსხვილი ოპერაცია „შეიარაღებული ჯგუფის“ წინააღმდეგ. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, პოლიციის სპეცდანიშნულების შენაერთებმა დაჯავშნული მანქანებით დაბლოკეს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კუმანოვოს ერთ-ერთი გარეუბანი. 9 მაისის დილას გავრცელდა ცნობები სროლის შესახებ უმეტესწილად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულ კუმანოვოში. იუწყებიან დაჭრილებზეც, მათ შორის სამ პოლიციელზე. მაკედონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, პოლიციამ დაიწყო ოპერაცია „შეიარაღებული ჯგუფის შესახებ მიღებული ინფორმაციის“ საფუძველზე. მას დეტალებზე არ უსაუბრია. კუმანოვოში 2001 წელს მოხდა შეტაკებები მაკედონიის ჯარებსა და ალბანელ მეამბოხეებს შორის. დაპირისპირება რამდენიმე თვეში დასრულდა დასავლეთის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო გეგმით, რომელიც ითვალისწინებდა ალბანელებისათვის მეტი უფლების მინიჭებას. წელს აპრილში, 40-მდე მამაკაცმა, რომლებსაც ტანისამოსზე დამაგრებული ჰქონდა ეთნიკური ალბანელების გასამხედროებული შენაერთის, "კოსოვოს გათავისუფლების არმიის" სიმბოლოები, იერიში მიიტანა სასაზღვრო ბლოკპოსტზე ჩრდილოეთ მაკედონიაში, კოსოვოსთან საზღვრის მახლობლად.

XS
SM
MD
LG