Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალტიისპირელებს სურთ, მათ ტერიტორიაზე განთავსებულ იქნეს ნატოს ბრიგადა


ბალტიისპირეთის ქვეყნებს სურთ, რომ მათ ტერიტორიაზე მუდმივად იყოს განთავსებული ნატოს სამხედრო ნაწილები - რუსეთის მხრიდან გააქტიურებული საჰაერო და საზღვაო მოქმედებების გათვალისწინებით. ამის შესახებ განაცხადა ლიტვის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა. ლიტვა, ლატვია და ესტონეთი შიშობენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული ამბოხების შემდეგ, შესაძლოა, თავადაც გახდნენ რუსეთის სამიზნე. სამივე ქვეყანაში დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ეთნიკური რუსები. ბალტიისპირეთის ქვეყნები 1999 წელს გაწევრიანდნენ ნატოში, ხოლო 2004 წელს - ევროკავშირში. როგორც დღეს განაცხადა ლიტვის შეიარაღებული ძალების პრესმდივანმა მინდაუგას ნეიმონტასმა, ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები ოფიციალურად მიმართავენ ევროპაში ნატოს გაერთიანებული ჯარების სარდალს განაცხადით, რომ ბრიგადის ზომის ნატოს მუდმივი შენაერთი გაიგზავნოს მათ ტერიტორიაზე. ნეიმონტასის თქმით, ამას მოითხოვს რეგიონში უსაფრთხოების სფეროში შექმნილი ვითარება და თავიანთ ტერიტორიაზე ნატოს შენაერთის ყოფნას ბალტიისპირელები განიხილავენ, როგორც შემაკავებელ საშუალებას. ნატოს ბრიგადა, როგორც წესი, სამიდან ხუთი ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს მოიცავს და რამდენიმე ბატალიონისგან შედგება. პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატო ექვსი რეგიონული სამუთაურო-საკონტროლო ცენტრის შექმნას აპირებს, თუმცა 1997 წელს ალიანსი რუსეთს დაჰპირდა, რომ დიდი ზომის მუდმივ საბრძოლო ძალებს არ განათავსებდა ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.​

XS
SM
MD
LG