Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: ნულანდის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობის განვითარების ნიშანია


ევროპის და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის ვიზიტი მოსკოვში კრემლმა შეაფასა, როგორც ორმხრივი ურთიერობის განვითარების ნიშანი. ნულანდი ორი დღით იყო ჩასული მოსკოვში. ის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ნულანდმა განაცხადა, რომ მინსკში ხელმოწერილი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თებერვალში დასავლეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების დარღვევა უნდა შეწყდეს და პრორუსული მეამბოხეები გაჩერებულ უნდა იქნენ. ნულანდი გამოვიდა მოწოდებით, მიეცეს ეუთოს მეთვალყურეებს კონფლიქტის ზონაში შესვლის ნებართვა, რათა მეთვალყურეობა გაუწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ნულანდი, რომელიც მოსკოვში უკრაინიდან ჩავიდა 17 მაისს, შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს, სერგეი რიაბკოვს და გრიგორი კარასინს. დღის წესრიგში იყო მსჯელობა ვითარებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში და მინსკის შეთანხმებების შესრულებისთვის საჭირო შემდგომ ნაბიჯებზე. გასულ კვირაში უკრაინის კრიზისი განიხილეს სოჭში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა ნულანდის ვიზიტი იმის ნიშანი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ვითარდება და დასძინა, რომ როცა პრეზიდენტი პუტინი ლავროვს და კერის ხვდებოდა, ითქვა, რომ საჭიროა უფრო ახლო დიალოგი. ნულანდი შეხვდა ვეტერან უფლებადამცველ ლუდმილა ალექსეევას.

XS
SM
MD
LG