Accessibility links

logo-print

თბილისის მერი: გაიზარდა სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა


ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ რვას მიაღწია. ვრცელდება ინფორმაცია დაკარგულთა შესახებ. უსახლკაროდ დარჩა ათობით ოჯახი. განადგურდა ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით, გმირთა მოედნის, სვანიძის ქუჩის, ზოოპარკისა და ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიებზე. სტიქიამ დააზიანა ზოოპარკის ვოლიერები, დაიხრჩო ცხოველების ნაწილი, ნაწილმა კი ზოოპარკის ტერიტორია დატოვა, რომელთაც სპეცსამსახურების წარმომადგენლები ეძებენ. სამაშველო და სამძებრო სამუშაოები ვერტმფრენებითაც ხორციელდება. "პირველი ეტაპის სამუშაოები, რაც სამაშველო სამუშაოებს და ადამიანების გადარჩენას გულისხმობდა, თითქმის სრულდება, თუმცა რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ვეძებთ. ზოგიერთ შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. მსურს, ისინი ვანუგეშო და ვუთხრა, რომ თბილისის მერია მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ამ ოჯახებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ. სტიქიის შედეგად დაიღუპა თბილისის ზოოპარკის სამი თანამშრომელი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მზია შარაშიძემ. წყალდიდობამ გაანადგურა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. „თავშესაფარი სრულად განადგურდა. სტიქიას გადაურჩა 100-მდე ძაღლი. სასწრაფოდ გვესაჭიროება უსაფრთხო ადგილი მათ დასაბინავებლად! გვჭირდება თქვენი დახმარება!!“ - წერია თავშესაფრის ფეისბუკის გვერდზე.

XS
SM
MD
LG