Accessibility links

უკრაინის ექსპრემიერი მოსკოვში აცხადებს, რომ შეიქმნა „ხსნის კომიტეტი“


უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლაი აზაროვი აცხადებს, რომ შეიქმნა „უკრაინის ხსნის კომიტეტი“. აზაროვმა მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, ახალი კომიტეტის მიზანია „ჩვენს ქვეყანაში წესრიგის აღდგენაო“. აზაროვი 3 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადებით გამოვიდა: „ჩვენი მთავარი ამოცანა რეჟიმის ტოტალური შეცვლაა, მისი განახლება. რა არის სრული განახლების მექანიზმი? ასეთი ერთია - საპრეზიდენტო და ხელისუფლების ყველა სხვა ორგანოს ვადამდელი არჩევნები და ახალი კონსტიტუციის მიღება“. აზაროვმა იანუკოვიჩის აწ უკვე გაუქმებული ორგანიზაციის, რეგიონების პარტიის ყოფილი დეპუტატი, ვლადიმირ ოლეინიკი დაასახელა ახლადშექმნილი „ხნის კომიტეტის“ ხელმძღვანელად და თქვა, რომ პრეზიდენტის პოსტის კანდიდატიც ოლეინიკი იქნება. აზაროვმა დასძინა, რომ ახლადშექმნილი ჯგუფის ყველა წევრის სახელებს ვერ აკონკრეტებს, რადგან ბევრი მათგანი უკრაინაში იმყოფება და ამით საფრთხე შეექმნება. აზაროვმა „გადატრიალება“ უწოდა უკრაინაში შარშან გამართულ სახალხო, პროევროპულ საპროტესტო გამოსვლებს, რომელსაც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობა მოჰყვა. 67 წლის აზაროვი უკრაინის პრემიერ-მინისტრი იყო 2010-2014 წლებში, იანუკოვიჩის მმართველობის პირობებში. მასზეც და იანუკოვიჩზეც უკრაინის ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული. მათი ბრალდებები მოიცავს გაფლანგვას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. აზაროვის დაპატიმრებაზე საერთაშორისო ორდერი აქვს გაცემული ინტერპოლს. „უკრაინის ხსნის კომიტეტის“ შექმნის შესახებ ცნობის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთის მთავრობას „კავშირი არ აქვს ამ ინიციატივასთანო“.

XS
SM
MD
LG