Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიციის ავიაიერიშებს ემსხვერპლა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე


აშშ-ის მიერ ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებზე განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად გასულ წელს სულ ცოტა 459 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, აცხადებს დამოუკიდებელ მეთვალყურეთა ჯგუფი სახელწოდებით „ეარვორს“. ეს არის პროექტი, რომელიც თვალყურს ადევნებს საერთაშორისო საჰაერო ოპერაციებს მეამბოხეების წინააღმდეგ. „ეარვორსის“ ანგარიშის თანახმად, 57 ავიაიერიშის შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და აღინუსხა ე.წ. „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად 48 ადამიანის დაღუპვის ფაქტი. ანგარიშში წერია, რომ ავიაიერიშების შედეგად დახოცეს „ისლამური სახელმწიფოს“ 15 ათასზე მეტი წევრი. „აირვორსი“ შენიშნავს, რომ რთულია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ინფორმაციის შემოწმება. „ეარვორს“-ის განცხადებით, მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი შესაძლოა 591-ს აჭარბებდეს, რაც ბევრად მეტია, ვიდრე კოალიციის მიერ აღიარებული ორი ადამიანის სიკვდილი და მიმდინარე 10 გამოძიება მშვიდობიანი მოქალაქეების სავარაუდო დახოცვაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ აშშ სწავლობს „ეარვორსის“ ანგარიშს: „როცა ასეთ სანდო ანგარიშებს ვიღებთ, რასაკვირველია, მას ვუზიარებთ თავდაცვის სამინისტროს, აგრეთვე კოალიციის შტაბბინას და გულდასმით ვსწავლობთ მასში მოცემულ ინფორმაციას“. აშშ „ძალიან მნიშვნელოვნად თვლის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას“, - განაცხადა ტონერმა. "ეარვორსის" ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ მეტის გაკეთება შეიძლება: „თითქმის ყველა შემთხვევაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდო მსხვერპლის გრაფიკული გამოსახულებების თანხლებით, იერიშიდან 24 საათში ფართოდ ვრცელდებოდა. ამ თვალსაზრისით, კოალიციის ახლანდელ პოლიტიკას - დააკნინონ ან უარყონ მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი - ნაკლებად აქვს აზრი. ამასთან, არსებობს საფრთხე, რომ ეს ინფორმაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ და სხვა ძალებმა თავიანთი პროპაგანდის მძლავრ იარაღად გამოიყენონ“, - წერია ანგარიშში. აშშ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში ავიაიერიშებს ახორციელებს გასული წლის სექტემბრიდან. ქვეყნების კოალიცია აშშ-ს შეუერთდა ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. დღემდე კოალიციამ ერაყსა და სირიაში 5800-ზე მეტი ავიაიერიში განხორციელდა.

XS
SM
MD
LG