Accessibility links

სასამართლომ წარმოებაში მიიღო ქიბარ ხალვაშის სარჩელი "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ


თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ. ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად შეტანილი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ტელეკომპანიის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ყადაღა დაედო "რუსთავი 2"-ის პარტნიორების წილებსა და ტელეკომპანიის ქონებას. "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანიის ქონება სრულად დააყადაღეს და ყადაღა დაედო მის მფლობელთა წილებსაც. არხის მეწილეებს აეკრძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა. ასევე დაყადაღებულია "რუსთავი 2"-ის სახელზე გაფორმებული ქონება. დავის დასრულებამდე "რუსთავი 2"-ს ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო, თუმცა არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა "რუსთავი 2"-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი. არხის მეწილეები არიან: ლევან ყარამანიშვილი - 23%, გიორგი ყარამანიშვილი 18%, ტელეკომპანია "საქართველო" - 51% და ნინო ნიჟარაძე - 9%.

XS
SM
MD
LG