Accessibility links

logo-print

ათასობით მიგრანტი ახლო აღმოსავლეთიდან ცდილობს მაკედონიაში შეღწევას


საბერძნეთიდან მაკედონიაში ათასობით მიგრანტი წინააღმდეგობის გარეშე შევიდა მას შემდეგ, რაც რამდენიმედღიანი ქაოსისა და დაპირისპირების შემდეგ, უსაფრთხოების ძალებმა შეწყვიტეს ბალკანეთის გავლით დასავლეთ ევროპაში მიგრანტთა ნაკადის შეკავების მცდელობა. მაკედონია-საბერძნეთის საზღვარზე 23 აგვისტოს იმყოფებოდა სპეციალური დანიშნულების რაზმი, თუმცა ბევრი არაფერი გაუკეთებიათ ათასობით მიგრანტის ნაკადის შესანელებლად. ბევრი მათგანი იყო ლტოლვილი სირიიდან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან. 19 აგვისტოს მაკედონიამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და დაკეტა სამხრეთის საზღვარი მიგრანტებისთვის. დღეში დაახლოებით 2000 მიგრანტი შედიოდა მაკედონიაში იმისათვის, რომ გადასულიყო სერბეთში, შემდეგ უნგრეთში და ევროკავშირის შენგენის ზონაში. 22 აგვისტოს მაკედონიის სპეცრაზმელებმა მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ჭურვები, თუმცა საპასუხოდ მიიღეს დიდი წინააღმდეგობა ათასობით მიგრანტის მხრიდან. მათ გაარღვიეს სამართალდამცავთა რიგები. სერბეთის თავდაცვის მინისტრმა ბრატისლავ გასიჩმა მოინახულა მიგრანტების მიმღები ცენტრი სერბეთ-მაკედონიის საზღვარზე. გასიჩმა განაცხადა, რომ ერთ ღამეში ცენტრში 5000-ზე მეტი ლტოლვილი შევიდა. ​მაკედონია არის მთავარი სატრანზიტო ქვეყანა ადამიანებისთვის, რომლებიც გარბიან სირიიდან, ავღანეთიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და სხვა ადგილებიდან. ისინი ცდილობენ ევროკავშირის ჩრდილოეთ ქვეყნებში ჩაღწევას.

XS
SM
MD
LG