Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" პარლამენტს ამ კვირაში წარუდგენს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს


კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა პარტიებმა განაცხადეს, რომ პარლამენტს ამ კვირაში წარუდგენენ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს და მის მიღებას მომდევნო საპარლამენტო სესიის დასრულებამდე უზრუნველყოფენ. მმართველი კოალიციის წევრი პარტიების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნება" განაგრძობს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას და ამჯერად საზოგადოებას სთავაზობს საპარლამენტო საარჩევნო სისტემის რეფორმის გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მომდევნო, ისე მისი შემდგომი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების სრული დაცვით. "ქართული ოცნების" გეგმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო ოლქებს შორის თანასწორობის პრინციპის დაცვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროპის საბჭოს „კარგი პრაქტიკის კოდექსის“ შესაბამისად, რომლის თანახმად, ნორმიდან დასაშვები გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს და არავითარ შემთხვევაში 15%-ს, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა. მმართველი კოალიცია აღნიშნავს, რომ ოლქების გათანაბრება უზრუნველყოფს საპარლამენტო მანდატების განაწილებისას ამომრჩევლის ნების შესატყვისი შედეგის მიღებას და ამასთან, მაჟორიტარული არჩევნებისთვის დაწესდება 50%-იანი ბარიერი. „ქართული ოცნების“ განცხადებით, კოალიცია ინიციატივის წესით დაუყოვნებლივ წარადგენს კონსტიტუციური კანონის პროექტსაც, რომლის თანახმად, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით, მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით.

XS
SM
MD
LG