Accessibility links

logo-print

საქართველომ ნოტით მიმართა თურქეთს აფხაზეთში ქოჯაელის პროვინციის დელეგაციის ვიზიტის გამო


ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის დელეგაციის ვიზიტის გამო საქართველომ თურქეთს შესაბამისი ნოტით მიმართა - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ, რომელიც ამბასადორიალში მონაწილეობის მიზნით თბილისში იმყოფება. ირაკლი კოპლატაძის თქმით, ინფორმაციას ამ ვიზიტის შესახებ რამდენიმე დღის წინ ფლობდა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა ანკარაში გადასცა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისში კი ამბასადორიალის ფარგლებში შეხვდა თურქეთის ელჩს. „პოზიცია ასეთია, რომ თურქეთი ფედერალურ სამთავრობო დონეზე ცალსახად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს დაადასტურა გაეროში საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდაჭერითაც, მაგრამ ახლა თურქეთში დროებითი მთავრობა და წინასაარჩევნო პერიოდია და შესაძლოა, ამით ისარგებლეს წარმომადგენლებმა იმ რეგიონიდან, სადაც მრავლად ცხოვრობენ ეთნიკური აფხაზები“, - განაცხადა ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ. ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის ქოჯაელის პროვინციის გუბერნატორის და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა ვიზიტის შესახებ, 2 სექტემბერს გაავრცელა სააგენტო „აფსნიპრესმა“. დელეგაცია სოხუმში მიიღეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ. „აფსნიპრესის“ ცნობითვე, მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე იმსჯელეს.

XS
SM
MD
LG