Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის პრეზიდენტმა წარმოადგინა გეგმა ლტოლვილთა კრიზისის შესახებ


ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა წარმოადგინა სასწრაფოდ შემუშავებული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გამკლავებას ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილების ყველაზე დიდ ნაკადთან. ევროპის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას იუნკერმა ისაუბრა გეგმაზე, რომელშიც გათვალისწინებულია ევროკავშირის მასშტაბით 160,000 ლტოლვილის განსახლება - მათი, ვინც ამჟამად იმყოფება საბერძნეთში, უნგრეთში და იტალიაში. იუნკერის თქმით, პროგრამა ითვალისწინებს ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის სავალდებულო კვოტების დაწესებას იმ ძირითადად სირიელი ლტოლვილების რაოდენობაზე, რომლებსაც ისინი მიიღებენ. იუნკერმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ გეგმას ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 14 სექტემბერს გაიმართება. კვოტებს მხარს უჭერს ბევრი ლტოლვილისთვის სასურველი ქვეყანა, გერმანია. მაგრამ ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფო, მაგალითად უნგრეთი - რომელიც ლტოლვილებისთვის მნიშვნელოვან სატრანზიტო ადგილს წარმოადგენს - ეწინააღმდეგება სავალდებულო სისტემის შემოღებას. იუნკერის თქმით, 2015 წლის დაწყებიდან ევროპაში 500,000-მდე მიგრანტი და ლტოლვილი შევიდა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან.

XS
SM
MD
LG