Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავას დაცვა პატიმრობიდან მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს


თბილისის ყოფილი მერის, სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე ბრალდებული გიგი უგულავას დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოს მიმართა პატიმრობიდან უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლების შუამდგომლობით. მისი საფუძველია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომელიც გიგი უგულავას 9-თვიანი პატიმრობის ვადას შეეხებოდა. სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრებდა, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციითაა ნებადართული, რაც ხელყოფს ბრალდებულის კონსტიტუციით დაცულ უფლებას. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმა გააუქმა, გიგი უგულავა პატიმრობიდან დაუყოვნებლივ, 16 სექტემბერს უნდა გათავისუფლებულიყო და აბსურდია, თითქოს ამას სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება სჭირდებოდა. „თუმცა, ამ სპეკულაციებს რომ წერტილი დაესვას, თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მივმართეთ გიგი უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ბექა ბასილაიამ. მისი თქმით, საქალაქო სასამართლომ, წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა მიიღოს პატიმრობიდან გიგი უგულავას გათავისუფლების გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG