Accessibility links

logo-print

უსუფაშვილი წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას


სასამართლოს და მოქალაქეებს ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისი მოწოდება მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებას, რომელშიც ზეწოლად იყო შეფასებული თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემდეგ, სასამართლოს წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები. "მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებს, ვთხოვო, რომ პატივი სცენ ადამიანების უფლებას გამოთქვან მოსაზრება, მათ შორის, ქუჩაში გამოსვლითაც და ასევე, მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი სცენ სასამართლოს დამოუკიდებლობას და მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, სასამართლოს თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირება, მაგრამ მოქალაქეებს ვერავინ წაართმევს უფლებას, მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში გამოხატონ თავისი აზრი. „შევეგუოთ იმას, რომ ხშირად, ჩვენი გადაწყვეტილებები ყველას მიერ მოწონებული არ იქნება და იქნება კრიტიკა და იმასაც, რომსასამართლოში ადამიანები იმიტომ არ მიდიან, რომ იქიდან ყველა ბედნიერი გამოვიდეს", - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა. რაც შეეხება თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 16 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, დავით უსუფაშვილის შეფასებით, სასამართლოს მხრიდან დადგენილი ახალი სტანდარტი წინ გადადგმული ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომ შეიზღუდოს ჯერ კიდევ დამნაშავედ არცნობილი ადამიანის საპატიმროში ყოფნის ვადები.

XS
SM
MD
LG