Accessibility links

logo-print

აშშ-ში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს საქართველოს პრეზიდენტი


აშშ-ში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ის კონექტიკუტის შტატში ეწვია სანაპირო დაცვის აკადემიას და პატივი მიაგო დაღუპული ქართველი კურსანტების, სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნას. აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის მსმენელები სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე წელს მარტში დაიღუპნენ ნიუ-ჯერსიში მომხდარი ავტოავარიის შედეგად. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს სანაპირო დაცვის აკადემიის ხელმძღვანელმა, კონტრადმირალმა ჯეიმს რენდონმა და აკადემიის ქართველმა კურსანტებმა უმასპინძლეს. კადეტებისადმი მიმართვისას საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების შესახებ და ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის სანაპირო საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის შედეგად საქართველოსა და უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ საქართველოს სანაპირო უსაფრთხოების სტაბილურობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის უმაღლესი სასწავლებლების არსებობა. საქართველოს პრეზიდენტმა თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიას, რომელიც გიორგი მარგველაშვილის თქმით, საუკეთესო პროფესიონალებს უზრდის საქართველოს სამხედრო ძალებსაც.

XS
SM
MD
LG