Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიზნესმენს ქიბარ ხალვაშს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა ბიზნესმენს ქიბარ ხალვაშს, რომელიც სასამართლოში დავობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის დასაბრუნებლად. შეხვედრაში მონაწილეობდა ბიზნესმენის ადვოკატი პაატა სალია. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილს აუხსნა საქმის სამართლებრივი მხარე და სთხოვა, რომ მისმა წარმომადგენლებმა სასამართლო პროცესს მეთვალყურეობა გაუწიონ. ქიბარ ხალვაშის შეფასებით, სასამართლო დიდ ზეწოლას განიცდის „ნაციონალური მოძრაობისგან,“ რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ბიზნესმენის ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულება, რომ მან „რუსთავი 2“ შეიძინა 7 მილიონ 300 ათას ამერიკულ დოლარად, წინა ხელისუფლებამ კი 300 ათას ლარად დაათმობინა. „2006 წლის 16 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე შევედი მაშინდელ პრეზიდენტთან სალაპარაკოდ და მან წამომიყენა მოთხოვნა-ულტიმატუმი, რომ უნდა დამეთმო ტელევიზია, რათა ჩემს ოჯახს და მე უფრო კარგად გვეცხოვრა და პრობლემები არ მქონოდა” - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ქიბარ ხალვაშმა. ბიზნესმენის ინფორმაციით, მეორე დღეს, 2006 წლის 17 ნოემბერს მასთან მივიდა დიმიტრი ქიტოშვილი მეგობრებთან ერთად და "რუსთავი 2" გადაიფორმეს. ქიბარ ხალვაშის თქმით, ის, რასაც სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარე ამბობს, რეალობას არ შეესაბამება და "მიშა სააკაშვილის და გვარამიას დაწერილია."

XS
SM
MD
LG