Accessibility links

logo-print

მარტა ფრიმენი: კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია სტაბილურია, მაგრამ რეაგირების მექანიზმებს საჭიროებს


ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიზნით აწარმოოს პრაგმატულ დიალოგზე დაფუძნებული პოლიტიკა - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რეგიონული ოფისის პოლიტიკურმა მრჩეველმა მარტა ფრიმენმა განაცხადა თბილისში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. ფრიმენმა ხაზი გაუსვა აბაშიძე-კარასინის დიალოგის მნიშვნელობას, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ფორმატი პირდაპირ არ უკავშირდება კონფლიქტის მოგვარებას. "ჟენევის საერთაშორისი დისკუსიების გარემო და ევროკავშირის მხრიდან არაღიარების პოლიტიკა გამოწვევების წინაშე დგას რუსეთის მიერ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმების და ადმინისტრაციულ საზღვართან პროვოკაციული ნაბიჯების, მათ შორის დემარკაციის გამო“ - განაცხადა მარტა ფრიმენმა. მისი თქმით, გამოწვევების მიუხედავად, ჟენევის დისკუსია სტაბილურად მიმდინარეობს და ღიაა მსჯელობისა და მწვავე კამათისთვის რთულ საკითხებზე, რომლებზეც ხშირადაა განსხვავებული მოსაზრებები. მარტა ფრიმენის შეფასებით, კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია სტაბილურია, მაგრამ რეაგირების მექანიზმებს საჭიროებს. ფრიმენის განცხადებით, ევროკავშირი ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებას უფრო მეტად აფხაზეთში განაგრძობს, რადგან ცხინვალის რეგიონში ხელმისაწვდომობა გაცილებით შეზღუდულია.

XS
SM
MD
LG