Accessibility links

logo-print

„საბჭოთა კომუნიზმის ყველანაირი გამართლება გულსატკენია“


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 28 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კანონის, „თავისუფლების ქარტიის“, მე-9 მუხლის რამდენიმე პუნქტი, რომლების მიხედვითაც, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეკრძალებათ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში თანამდებობის დაკავება ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრებს, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნებსა და ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრებს. საინტერესოა, რას ცვლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული და ისტორიული თვალსაზრისით.

ნოდარ მუმლაური 2014 წელს თელავის მერის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში იღებდა მონაწილეობას, თუმცა იმის გამო, რომ 1985–1986 წლებში პარტიის თელავის რაიკომის მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა, უარი ეთქვა კონკურსში მონაწილეობაზე. როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა მაყვალა ბერიანიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა, ნოდარ მუმლაურს შეურაცხმყოფელი ფორმით გადმოუყარეს საბუთები და მიაძახეს, რომ მას ეხებოდა ქარტია და არ შეეძლო კონკურსში მონაწილეობის მიღება:

„ეს იყო ადამიანის უფლებების შემლახავი, არაადამიანური ნორმა. არ შეიძლება ადამიანს მთელი ცხოვრება უძახო, რომ შენ მუშაობდი ამა და ამ დროს. დაიბადა იმ დროს. რა უნდა ექნა?“

ნოდარ მუმლაურის სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს კანონის, „თავისუფლების ქარტიის“, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ” და „დ” ქვეპუნქტები ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-17 და 29-ე მუხლების რამდენიმე პუნქტს და კიდევ: სადავო ნორმები პარტიულ მოღვაწეობას უთანაბრებდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებში საქმიანობას და განუსაზღვრელი ვადით უკრძალავდა კანონით განსაზღვრული თანამდებობების დაკავებას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:

„საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის და მათ მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩამორთმევა მათი არა სამართლის სუბიექტებად, არამედ სამართლის ობიექტებად განხილვის ტოლფასია, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ადამიანის ღირსების უფლება“.

შემდეგი ნაბიჯი, ალბათ, იქნება შეზღუდვების მოხსნა კგბ-ს აგენტების, მაღალი თანამდებობის პირებისა და ოფიცრებისათვის, ასევე იმ აგენტებისათვის, რომლებიც იჭერდნენ და ასმენდნენ მოქალაქეებს. თუ ასე მოხდება, მაშინ გასაგებია, საითაც მიდის ეს ქვეყანა...

კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი კი გვეუბნება, რომ ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, შესაბამისად, „თავისუფლების ქარტია“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს მიიღო, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის ამ მოთხოვნას, რაც შენიშნა კიდეც კანონის განხილვისას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მაშინდელმა საპარლამენტო მდივანმა თათული თოდუამ:

”თანამდებობრივი შეზღუდვა დგინდება მთელი სიცოცხლის მანძილზე იმ პირების მიმართ, რომლებიც თანამშრომლობდნენ საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან, ასევე იყვნენ სხვადასხვა თანამდებობებზე და ამ თანამდებობათა ჩამონათვალი ძალიან გრძელია. უცხოური კანონმდებლობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ თანამდებობრივი შეზღუდვა მოცემულ პირებს მთელი სიცოცხლის მანძილზე კი არ დაუწესდეთ, არამედ გარკვეული დროით, მაგალითად, 10 წლით. ასეთია, მაგალითად, ევროსაბჭოს რეკომენდაციაც”.

კანონპროექტის ავტორთა თქმით, „თავისუფლების ქარტიის“ მიზანი საქართველოს დეკომუნიზმიზაცია და ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას ქარტიის ავტორმა და ინიციატორმა გია თორთლაძემ განაცხადა, რომ კანონის მიღებას ოთხი წლის წინაც ბევრი ეწინააღმდეგებოდა, რაც ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი თანამშრომლობდა საბჭოთა უშიშროებასთან და იკავებდა მაღალ პარტიულ თანამდებობას.

„თანამშრომლობდნენ და ძალიან აქტიურადაც თანამშრომლობდნენ... სწორედ ეს ხალხი გამოდის მწყობრიდან და კარგავს კონტროლს თავის თავზე. არც ის მიკვირს, რომ ზოგიერთს მამა, ბიძა ან ბაბუა ჰყავდა ასეთი და ეს კანონი აღიზიანებთ, მაგრამ აქ საუბარი არაა გაღიზიანებაზე, კერძო ამბებსა და პირადულ წყენაზე. საუბარია ქვეყნის მომავალზე, მის განვითარებაზე, თუმცა უკან რომ მივდივართ, ეს აშკარად თვალშისაცემია. შემდეგი ნაბიჯი, ალბათ, იქნება შეზღუდვების მოხსნა კგბ-ს აგენტების, მაღალი თანამდებობის პირებისა და ოფიცრებისათვის, ასევე იმ აგენტებისათვის, რომლებიც იჭერდნენ და ასმენდნენ მოქალაქეებს. თუ ასე მოხდება, მაშინ გასაგებია, საითაც მიდის ეს ქვეყანა. პირდაპირ და ღიად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ქვეყანა მიდის პუტინის რუსეთისკენ, სადაც მუშაობს ეს აგენტურული სისტემა“, უთხრა გია თორთლაძემ რადიო თავისუფლებას.

საქართველოსთვის საზომი არის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცია და ზოგადად მიდგომა, რომ ადამიანს ყველაზე მძიმე დანაშაულიც რომ ჰქონდეს ჩადენილი, ნებისმიერი სასჯელი, რომელიც მას უწესდება, უნდა იყოს არა სამაგიეროს მიზღვა, არამედ სოციალიზაცია და მისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ დაუბრუნდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას...

გია თორთლაძის თქმით, „თავისუფლების ქარტიამ“ რეალურად საქართველოში ვერ იმუშავა, განსხვავებით აღმოსავლეთ ევროპის რვა ქვეყნისგან, რომლებიც სრულიად გათავისუფლდნენ კა-გე-ბე-სა და კომუნისტური ნომენკლატურის გავლენისგან, თუმცა როგორც იურისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, საკანოსტიტუციო სასამართლო ვერ იხელმძღვანელებდა ისტორიული ან სხვა სახის კრიტერიუმით:

„საქართველოსთვის საზომი არის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცია და ზოგადად მიდგომა, რომ ადამიანს ყველაზე მძიმე დანაშაულიც რომ ჰქონდეს ჩადენილი, ნებისმიერი სასჯელი, რომელიც მას უწესდება, უნდა იყოს არა სამაგიეროს მიზღვა, არამედ სოციალიზაცია და მისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ დაუბრუნდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას. მთელი ცხოვრების მანძილზე შეზღუდვის არსებობა მსმენია, რომ არსებობს ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მაგალითად, პოლონეთში, მაგრამ იქ თუ პირი გამოვა და ნათელს მოჰფენს თავის წარსულს, მაშინ ის შეძლებს თანამდებობის დაკავებას საჯარო სამსახურში, მაგრამ თუკი არ იტყოდა და თანამდებობის დაკავების შემდეგ გახდებოდა ცნობილი წარსულის ეს დეტალები, მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკრძალებოდა თანამდებობის დაკავება. ანუ ასეთი დათქმების სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენთანაც ბლანკეტური (სრული) აკრძალვა, რომ მთელი ცხოვრება დაუწესო აკრძალვა, მართლაც, ზედმეტად შემზღუდავია და შესაძლებელია ლახავდეს ადამიანის ღირსებას“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციასა და არგუმენტების სიმყარეში ეჭვი არ შეაქვს ლევან ბერძენიშვილის - ყოფილ დისიდენტსა და საქართველოს პარლამენტის წევრს, თუმცა, მისი თქმით, უაღრესად გულსატკენია, რომ გაზიარებული იქნა მხოლოდ ის მოტივები, რომლებიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო გააზრებიდან გამომდინარეობს და მთლიანად იქნა ამოღებული კანონიდან ის მუხლი, რომელიც თანამდებობის დაკავების შეზღუდვას უწესებს მაღალი თანამდებობის ყოფილ საბჭოთა პარტიულ და კომკავშირულ ფუნქციონერებს, რომლებიც, ლევან ბერძენიშვილის თქმით, ერთგულად ემსახურებოდნენ იმ კაციჭამიურ პოლიტიკას, რომელსაც ერქვა ტოტალიტარულ-კომუნისტური იდეოლოგია:

არა მარტო ჯალათების მიმართ უნდა ვიყოთ ადამიანის უფლებების მეხსიერნი, არამედ იმათ მიმართაც, ვინც მსხვერპლი იყო და ვისზეც ამ სისტემამ გადაიარა და ვისი სახელითაც მოქმედებს ეს კანონი, რომელსაც, უნდა ვაღიაროთ, არ უმოქმედია საქართველოში არც ერთი წამით, არც ერთ კომუნისტს არანაირი შეფერხება არ ჰქონია...

„ამართლებდნენ ყოველდღიური მოქმედებით და, ფაქტობრივად, მათი დანაშაული ისეთია, რომლის აღწერასაც ტომები დასჭირდებოდა. თვითონ ისინი შესაძლოა ამას ვერასოდეს მიხვდნენ, ამიტომ სჭირდებოდა ამას სიმბოლური კანონი, რადგანაც იმ მოქალაქეებს შესაძლოა ჰგონიათ, რომ მაშინ ასე იყო საჭირო, მაშინ ბავშვის ხორცი ასე უნდა ეჭამათ და ახლა სხვანაირადაა საჭირო. საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა, სადაც შეზღუდული იყო ფიქრი, გაფიქრებისა და ოცნების თავისუფლება. ეს ხალხი, კომუნისტები ამას ნერგავდნენ ქვეყანაში და ასეთ იდეოლოგიას ემსახურებოდნენ, ჩვენ კი კანონით ვითხოვდით, რომ არ ყოფილიყვნენ ჩვენი მინისტრები, მეტს არაფერს. თუ უნდათ, იყვნენ პარლამენტის წევრები, ავირჩიოთ და ცაში ავიყვანოთ. ჩვენზე მეტი პენსია და ხელფასი ყოველთვის ექნებათ, რადგანაც საქართველოში მსხვერპლი ყოველთვის დაჩაგრული იქნება“.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, საბჭოთა რეჟიმის მიერ დაჩაგრული ხალხი, ყოფილი პოლიტპატიმრები და სხვები სახელმწიფოსგან იღებენ მიზერულ კომპენსაციას, განსხვავებით საბჭოთა პარტიული ნომენკლატურისგან, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უკეთესი სახელი და დიდებაც დაუმკვიდრდება, რაც, ლევან ბერძენიშვილის თქმით, ძალიან გულსატკენია, რადგანაც შეიძლებოდა გადაწყვეტილება უფრო რბილი ყოფილიყო არამხოლოდ მოსარჩელე მხარისათვის.

„არა მარტო ჯალათების მიმართ უნდა ვიყოთ ადამიანის უფლებების მეხსიერნი, არამედ იმათ მიმართაც, ვინც მსხვერპლი იყო და ვისზეც ამ სისტემამ გადაიარა და ვისი სახელითაც მოქმედებს ეს კანონი, რომელსაც, უნდა ვაღიაროთ, არ უმოქმედია საქართველოში არც ერთი წამით, არც ერთ კომუნისტს არანაირი შეფერხება არ ჰქონია. გვქონდა მარტო სიმბოლური კანონი, რომლის ორი მუხლი ამოგვიღო საკონსტიტუციო სასამართლომ. ჩვენ, ბუნებრივია, დაველოდებით განმარტებას. ეჭვიც არ მეპარება, რომ იურიდიულად ეს იქნება გამართული, მაგრამ ისტორიულად მართლები ვართ ჩვენ! კომუნიზმი იყო საშინელება, სამარცხვინო და კომუნიზმის ყველანაირი გამართლება არის გულსატკენი, თუმცა კი იმედი მაქვს, რომ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც კომუნისტების ადგილი, ყოველი შემთხვევისთვის, მინისტრების თანამდებობაზე არ იქნება“, უთხრა ლევან ბერძენიშვილმა რადიოთ თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG