Accessibility links

logo-print

პარიზის თავდასხმების შემდეგ საფრანგეთში უშიშროების 115 000 მუშაკია მობილიზებული


საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ბერნარ კაზნევი აცხადებს, რომ პარიზის ტერაქტების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით უშიშროების სტრუქტურების 115 000 მუშაკია მობილიზებული. კაზნევმა 17 ნოემბერს თქვა, რომ წუხელ კიდევ 128 რეიდი განხორციელდა ექსტრემიზმში ეჭვმიტანილებზე. პარალელურად, საფრანგეთმა გააძლიერა საჰაერო თავდასხმების კამპანია ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებზე სირიაში. 13 ნოემბერს პარიზში ტერორისტული თავდასხმები მოხდა ღამის კლუბებზე, რესტორნებზე, ფეხბურთის სტადიონზე და სხვა ადგილებში, რასაც 129 ადამიანი ემსხვერპლა და კიდევ ასობით დაიჭრა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა იკისრა „ისლამურმა სახელმწიფომ“. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საფრანგეთის თხოვნას დახმარების შესახებ სამხედრო მისიებში, რაც ლისაბონის ხელშეკრულების ურთიერთდახმარების მუხლითაა გათვალისწინებული. როგორც იუწყებიან, დახმარება შეიძლება გამოვლინდეს სირიასა და ერაყში საფრანგეთის ინტერვენციის პროცესში მისი შესაძლებლობების გარშემო თანამშრომლობით, ან საფრანგეთის მხარდაჭერით სხვა ოპერაციებში.

XS
SM
MD
LG