Accessibility links

logo-print

აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება


საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრისას ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება. მის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოქალაქეთა სისტემატურად დაკავების, გალის რაიონის სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის შეზღუდვისა და თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართების აღმართვის შესახებ. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის მსგავსი ნაბიჯები უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პრობლემების განხილვისა და მოგვარების უმთავრეს ფორმატს", - ნათქვამია საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციის განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, პრაღაში მხარეებმა განიხილეს აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ფორმატით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხები და შეთანხმდნენ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გაზრდასა და სატრანსპორტო გადაზიდვის გაფართოებაზე. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრაღის შეხვედრაზე რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისთვის ამოქმედდეს გამარტივებული სავიზო რეჟიმი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, საუბარი იყო რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ საქართველოს მოქალაქეებზეც და აღინიშნა, რომ სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება და საქართველოს რამდენიმე მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება. ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართა.

XS
SM
MD
LG