Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა ეუთოს მინისტრთა საბჭოს სესიაზე


ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა ბელგრადში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე გამოსვლისას. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს თავის სამხედრო, სოციალურ და საფინანსო სისტემებში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრულ ინტეგრაციას. საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს კიდევ ერთხელ აცნობა, რომ ირღვევა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა თავისუფლად გადაადგილების, კერძო საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებები, კერძოდ გალის რაიონის 11 სკოლაში ქართულად სწავლება აიკრძალა და რუსულით შეიცვალა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობა. “ეს გვაიძულებს სასწრაფოდ ვეძებოთ გზები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანთა უფლებების შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის და ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის ანგარიშის შესასრულებლად", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია სტრატეგია, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს და ოსებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება.

XS
SM
MD
LG