Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის კონგრესმენებსა და სენატორებს


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ვაშინგტონში შეხვდა კონგრესმენებს მაიკ კონავეის, მაკ ტორნბერს, ადამ სმიტს და ჯეფ მილერს და სენატორებს ჯონი ისაკსონს და დევიდ პერდიუს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოში და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებისადმი და საქართველოს მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ყველა შეხვედრაზე აღინიშნა აშშ-ის კონგრესის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და ნატოში ინტეგრაციის მიმართ. თავის მხრივ, თინა ხიდაშელმა სენატორებსა და კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა აშშ-ის 2016 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანილი, საქართველოს მხარდამჭერი ცვლილების გამო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირებისათვის. თავდაცვის სფეროში აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხების განხილვისას სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აშშ-ის ადმინისტრაციასთან გააძლიერონ მუშაობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში უფრო აქტიური წვლილის შესატანად. „ჩვენ გვაქვს სრული ორპარტიული მხარდაჭერა - დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც თანაბარი ენთუზიაზმით გვხვდებიან და დარწმუნებული ვარ, ნატოს ვარშავის სამიტისკენ მიმავალ გზაზე ეს მხარდაჭერა გამოხატული იქნება პოლიტიკურ დოკუმენტებსა და კონგრესის მიერ მიღებულ აქტებში“- განაცხადა შეხვედრების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG