Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გენერალური პროკურორი: ნავალნის ფილმის უკან ამერიკელები დგანან


რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა აცხადებს, რომ კრემლის დასავლელი კრიტიკოსის, უილიამ ბრაუდერის და „შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურების“ დავალებით არის შექმნილი ფილმი, რომელშიც ჩაიკას და მის ოჯახს კორუფციაში ადანაშაულებენ. როგორც ჩაიკა აღნიშნავს გაზეთ „კომერსანტში“ 14 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში, მას „ეჭვი არ ეპარება“, რომ უილიამ ბრაუდერმა და მის უკან მდგომმა უშიშროების სამსახურებმა მოისურვეს შექმნილიყო ვიდეოფილმი, რომელიც გასულ თვეში ინტერნეტით გაავრცელა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ. ფილმში ჩაიკას ორ ვაჟიშვილს ადანაშაულებენ დიდი ფულის შოვნაში მამის, გენერალური პროკურორის დახმარებით. ჩაიკა ფილმს უწოდებს „შავ პიარს“, რომელიც მიეკუთვნება უფრო მასშტაბურ ძალისხმევას მოსკოვის და გენერალური პროკურატურის დისკრედიტაციის მიზნით. ნავალნი უკვე არაერთხელ გამოვიდა ჩაიკას გადადგომისა და კორუფციის გამო მისი გასამართლების მოთხოვნით. ჩაიკას მიერ ფილმის დამკვეთად მოხსენიებული უილიამ ბრაუდერი ცნობილია რუსეთის ხელისუფლების კრიტიკით მას შემდეგ, რაც 2009 წელს მოსკოვის ციხეში გარდაიცვალა ბრაუდერის მიერ დაფუძნებულ კომპანია „ჰერმიტიჯ კაპიტალის“ ადვოკატი, სერგეი მაგნიტსკი. მაგნიტსკი ამხელდა მასშტაბურ ფინანსურ მაქინაციებს რუსეთის საგადასახადო უწყებაში. მისი სიკვდილის მიზეზად მიჩნეულია ის გარემოება, რომ ციხეში სათანადო სამედიცინო დახმარების გარეშე დატოვეს.

XS
SM
MD
LG