Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის საზღვარზე დააკავეს მოლდავეთის დროშით მცურავი გემის ქართველი კაპიტანი


საფრანგეთის საზღვარზე დააკავეს მოლდავეთის დროშით მცურავი გემის, "კარიბ პალმის" ქართველი კაპიტანი ბადრი ბერიძე. არაოფიციალური ინფორმაციით, გემზე ორ ტონაზე მეტი კოკაინი აღმოაჩინეს. კაპიტნის ვაჟმა გიორგი ბერიძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, რომ თურქმა გემთმფლობელმა ბადრი ბერიძეს სექტემბერში სთხოვა დომინიკის რესპუბლიკაში ნაყიდი გემის თურქეთში ჩაეყვანა, თუმცა, ადგილზე დახვდა სხვა, გაუმართავი გემი, რომლის ბორტზეც ნარკოტიკების არსებობის შესახებ კაპიტანმა არაფერი იცოდა. გიორგი ბერიძის ცნობითვე, გზად, საფრანგეთის საზღვაო საზღვარზე გემის ჩხრეკისას ადგილობრივმა მესაზღვრეებმა გაჭრეს ხომალდის კონსტრუქცია და დიდი რაოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩინეს. კაპიტნის ვაჟის ინფორმაციით, ბადრი ბერიძის გარდა დაკავებულნი არიან ეკიპაჟის წევრები, თურქეთის ერთი და უკრაინის 11 მოქალაქე. გიორგი ბერიძის განცხადებით, გემის მფლობელთან დაკავშირებას უკვე რამდენიმე ხანია ვეღარ ახერხებენ, რადგან მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის პირველმა მოადგილემ ზაზა მახარაძემ ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ კაპიტნის დაკავების ოფიციალური მიზეზი ქართული მხარისთვის ჯერჯერობით უცნობია. ზაზა მახარაძის ინფორმაციით, ბადრი ბერიძის ოჯახმა დახმარება სთხოვა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რომელმაც თავის მხრივ, ოფიციალური ინფორმაციის მოსაპოვებლად მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოს საფრანგეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოლდავეთის დროშით მცურავი გემის კაპიტნის ბადრი ბერიძის დაკავების გამო საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს მუდმივი კონტაქტი აქვთ ფრანგ სამართალდამცავებთან.

XS
SM
MD
LG