Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის სამ ქალაქში გაეროს შუამავლობით მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს


დასავლეთ სირიაში, ქალაქში, რომელიც მთავრობის ძალებმა დაიკავეს, გაეროს შუამავლობით მიმდინარეობს სუნიტი მეამბოხე მებრძოლების ევაკუაცია. გაეროს შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ასობით შიიტი ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის ქალაქებიდან, რომლებიც მეამბოხეებს აქვთ დაკავებული. ლიბანის საზღვართან მდებარე ქალაქ ზაბადანიდან 28 დეკემბერს ბეირუთში ავტობუსით წაიყვანეს ძირითადად სუნიტი მებრძოლები, რომლებიც ბეირუთიდან გაფრინდებიან თურქეთში და მოგვიანებით შეძლებენ სირიაში, მეამბოხეების კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებში დაბრუნებას. პარალელურად, სირიის ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია იდლიბის ორი შიიტური ქალაქიდან თურქეთში გაყავთ დაახლოებით 300 ოჯახი, რომლებიც შემდეგ ბეირუთში გაფრინდებიან თვითმფრინავით. როგორც ვარაუდობენ, ოჯახები შემდეგ სირიაში დაბრუნდებიან, ოღონდ მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე. გაცვლითი ევაკუაციის ოპერაციის ფონია გაეროს და უცხოეთის მთავრობების მცდელობა ადგილობრივი ზავის დასამყარებლად და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო ევაკუაციის გზების შესამუშავებლად. ეს ზომები ნაწილია უფრო ფართო მცდელობისა სირიაში დასრულდეს თითქმის ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომი.

XS
SM
MD
LG