Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა ცერემონია სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად


საქართველო აღნიშნავს სახელმწიფო დროშის დღეს. დილის 8 საათზე, მდინარე ენგურის ხიდთან, სოფელ რუხში მდებარე პოლიციის საგუშაგოსთან ზუგდიდელმა სტუდენტებმა აღმართეს საქართველოს სახელმწიფოს დროშა. მსგავსი ცერემონია გაიმართა ბათუმში, ახალციხეში, ყაზბეგში, ახმეტაში, ლაგოდეხში, შინდისსა და ბოლნისში, სადაც სტუდენტებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს ადმინისტრაციულ შენობებთან. აქციაში მონაწილე ახალგაზრდებს თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა გიორგი მარგველაშვილმა: „ჩვენ უბრალოდ, აბსტრაქტულად კი არ ვცემთ პატივს სახელმწიფოებრივ სიმბოლოებს, ან სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, არამედ ნათლად ვხვდებით, რომ ეს არის ინსტრუმენტები ჩვენი მთავარი მიზნების განსახორციელებლად, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობების თანახმად, სპეციალურად ამ დღისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელიც საპატიო ყარაულმა სიმბოლურად აღმართა პრეზიდენტის სასახლეზე, შემდეგ კი დროშა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეინახება საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე. საღამოს პრეზიდენტის სასახლეში იმართება სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. გამოფენილია პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ წარმოდგენილი, შუა საუკუნეების საზღვაო რუკები, რომლებზეც საქართველო გამოსახულია ისტორიული, ხუთჯვრიანი დროშით. ახალი ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად გამოცხადდა 2004 წლის 14 იანვარს, როცა ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ.

XS
SM
MD
LG