Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას გვამს ექსპერტიზას ჩაუტარებენ


სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო-სამხარეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას გვამს ექსპერტიზას ჩაუტარებს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. ბიძინა კუჭავას შვილობილმა გიორგი ჯიქიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ გვამს საეჭვო დაზიანებები აღენიშნება. „ჩვენი ვერსიით, თვითმკვლელობა გამორიცხულია, არც ქირიას მკვლელობაა მართალი და კერძო ექსპერტიზის შემდეგ გამოძიება უკვე სხვა კუთხით წავა" - განაცხადა გიორგი ჯიქიამ. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო-სამხარეო პროკურორი ვახტანგ ქირია 13 იანვარს გაუჩინარდა ზუგდიდიდან, მისი გვამი კი 16 იანვარს აღმოაჩინეს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა ბასრი საგნით, ხოლო თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. შსს-ს განცხადებით, თბილისში ბინა დაიქირავა ვახტანგ ქირიას ნათესავმა ბიძინა კუჭავამ, რომლის შესახებაც სხვა ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების შემდეგ შეიქმნა მაღალი ალბათობა იმისა, რომ დანაშაული სწორედ ბიძინა კუჭავამ ჩაიდინა. შსს-ს ცნობით, კუჭავას ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების ოპერაციისას მისი ავტომანქანა თბილისში, ორთაჭალის მიმართულებით აღმოაჩინეს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, რომელთა დანახვისთანავე, ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო-სამხარეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG