Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე


ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. მისი ინფორმაციით, პროკურატურის და შსს-ს ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მკვლელობაში მხილებული არიან უკრაინის მოქალაქე ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის მოქალაქე ოლეგ დოევი, რომლებიც ბესიკ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით საქართველოში 2015 წლის 13 იანვარს ჩამოვიდნენ კიევი-თბილისის ავიარეისით. მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია 2015 წლის იანვრიდან მარტის ბოლომდე დამეტოვის და დოევის მიერ თბილისში ნაქირავები ბინების, შეძენილი ავტოტრანსპორტის და გადაადგილების მარშრუტების შესახებ. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების პროცესში შეგროვდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების ანძებზე დაფიქსირებული ზარების შესახებ და საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, დაიკითხა ათეულობით თვითმხილველი და გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაციის მქონე მოწმე, ჩატარდა დამნაშავე პირთა ამოცნობა და სასამართლო-სამედიცინო, ტექნიკური, ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური და ბალისტიკური ექსპერტიზა. გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ 2015 წლის 28 მარტს, ბესიკ ხარძიანს თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში შეჰყვა ოლეკსანდრ დამეტოვი და მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა სამი შემავალი ჭრილობა, მათ შორის ერთი საკონტროლო, თავის არეში. პროკურატურის ცნობითვე, დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამეტოვმა თამარ მეფის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადააგდო „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი, რომელიც გამოძიების მიერ ნაპოვნია. პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის დღესვე ოლეკსანდრ დამეტოვი და მისი თანამზრახველი ოლეგ დოევი თბილისში დაქირავებული ტაქსით გაემგზავრნენ თურქეთთან მოსაზღვრე სარფში, სადაც გამშვები პუნქტი ფეხით გადაკვეთეს და მიიმალნენ. მთავარი პროკურატურის განცხადებითვე, გამოძიებით დადგენილია, რომ ოლეკსანდრ დამეტოვმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა ყალბი პასპორტის გამოყენებით და მკვლელობის შემდეგ იმავე დოკუმენტით დატოვა ქვეყნის ტერიტორია. საქართველოს პროკურატურის დღევანდელი განცხადებიდან ირკვევა, რომ ოლეკსანდრ დამეტოვს ბესიკ ხარძიანის შეკვეთით, განზრახ მკვლელობის, ხოლო ოლეგ დოევს მკვლელობაში დახმარების ბრალდებები ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში წარედგინა, აღკვეთის ზომად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და ორივე საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდა. „მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის ჩადენიდან რამდენიმე დღეში გამოძიებისათვის უკვე ცნობილი იყო დამნაშავეთა ვინაობა, იმის გამო, რომ გამოძიებას ხელი არ შეშლოდა მტკიცებულებების მოპოვებაში, დანაშაულის რეალური გარემოებების დადგენასა და ძებნილთა მიმართ წარმოებულ დაკავების ღონისძიებების გატარებაში, პროკურატურის მიერ არ გასაჯაროვდა საქმის დეტალები“ - ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურის განმარტებითვე, ამ ეტაპზე მკვლელობაში ბრალდებულ პირთა მიმართ გამოძიება დასრულებულია, ამოიწურა წინასასამართლო სხდომამდე ბრალდებულად ყოფნის 9-თვიანი ვადა და საქმე არსებითად განსახილველად გაეგზავნა სასამართლოს, ამიტომ პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები. „რაც შეეხება ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებს, მათი მხილების მიზნით გრძელდება ინტენსიური გამოძიება, ხოლო ძებნილ პირთა ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები", - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG