Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს


არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს აკვირდებოდნენ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან გამარჯვება მიულოცა „ქართული ოცნების“ კანდიდატს გოჩა ჯამარაულს და მისასალმებელი უწოდა მის განცხადებას, რომ განურჩევლად ყველას გამგებელი იქნება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა გარდაბანში, საარჩევნო უბნებს მიღმა შექმნილ გარკვეულ დაძაბულობას და ყველა მხარეს, მათ შორის მმართველი ძალის მხარდამჭერებს მოუწოდა, მაქსიმალურად დასწიონ პოლიტიკური ტემპერატურა. „ოქტომბერში გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული ყურადღებით და ჩვენთვის ეს იქნება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელმაც საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის პოზიციები კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ მართლაც ევროპული და მაღალი კულტურის ქვეყანაა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას შეიძლება გარკვეული არეულობა აწყობდეს და იყოს პროვოკაციებიც, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს მმართველ ძალას და სწორედ მან უნდა აჩვენოს, რომ მართლაც სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლია. გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს თხოვა, გადაიხედოს კანონი, რომელიც ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ითვალისწინებს ფულადი ჯარიმის მსგავს მსუბუქ სასჯელს. „მე არ მინდა მეორე უკიდურესობაში გადავიდეთ, მაგრამ ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში უფრო მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული და იქნებ, არჩევნებამდე ამ კუთხითაც გაგვეკეთებინა გარკვეული პრევენცია"- განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიროგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG