Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭო გმობს ჩრდილოეთ კორეული რაკეტის კოსმოსში გაშვებას


გაეროს უშიშროების საბჭო მკაცრად გმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვებას და აცხადებს, რომ მალე შეიმუშავებს ახალ სანქციათა შემცველ რეზოლუციას, „ფხენიანის მიერ გაეროს მოთხოვნათა სახიფათო და სერიოზული დარღვევის პასუხად“. განცხადებას მხარი დაუჭირეს ჩრდილოეთ კორეის მოკავშირე ჩინეთმა და საბჭოს კიდევ 14 წევრმა ქვეყანამ, რომლებიც 7 თებერვალს მსჯელობდნენ ჩრდილოეთ კორეის მიერ კოსმოსში შორი რადიუსის მოქმედების რაკეტის გაშვების თაობაზე. სხდომის მოწვევის ინიციატორები იყვნენ აშშ-ი, სამხრეთ კორეა და იაპონია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კოსმოსური რაკეტის გაშვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა ჩქმალავს ბირთვული ქობინის გადამტანი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას. კვირას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად ქვეყნის ლიდერ კიმ ჩენ ინის ბრძანებით ფხენიანმა წარმატებით შეძლო კოსმოსური თანამგზავრის გაშვება. მანამდე, ერთი თვის წინ ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა წყალბადის ბომბი, რასაც კრძალავს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია.

XS
SM
MD
LG