Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში მიიწვია ევროკომისიის თავმჯდომარე


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ორდღიან ვიზიტადაა ბრიუსელში, სამშობლოში მიიწვია ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი. კვირიკაშვილის და იუნკერის საუბრის თემები იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულება და ასოცირების პროგრამის ახალი პრიორიტეტები. მხარებმა ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებაზეც ისაუბრეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები გაიზარდა. გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში მისი პირადი თანადგომის იმედი გამოთქვა. დღესვე საქართველოს პრემიერი შეხვდა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს, რომელმაც შეაქო საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და მიულოცო „საქართველოს ამ პროცესის მსვლელობაში შესანიშნავი რეფორმების ჩატარება“. მოგვიანებით, ცხრა თებერვალს, ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა და გიორგი კვირიკაშვილმა განიხილეს ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების გზები, თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები და ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების გზაზე შემდგომი ნაბიჯები.

XS
SM
MD
LG