Accessibility links

logo-print

საქართველომ აღადგინა ირანთან მიმოსვლის უვიზო რეჟიმი


საქართველომ აღადგინა ირანთან მიმოსვლის უვიზო რეჟიმი. 15 თებერვლიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ, ორდინალურ პასპორტებს, საქართველოს ტერიტორიაზე შესვლიდან 45 დღის განმავლობაში ისარგებლებენ უვიზოდ ყოფნის უფლებით. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 ივლისს შეაჩერა ირანთან უვიზო მიმოსვლა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ საქართველო-ირანს შორის სავარაუდოდ დაიწყება პირდაპირი ავიამიმოსვლა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე მიღებული აქვს ირანული ავიაკომპანიის განაცხადი და ელოდება რამდენიმე დამატებით დოკუმენტს. „როგორც კი შემოიტანს, ვფიქრობთ, დაბრკოლება არ იქნება და ძალიან მალე გავცემთ ნებართვას" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, ირანთან პირდაპირი ავიამიმოსვლა ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის გაზრდას.

XS
SM
MD
LG