Accessibility links

logo-print

იოჰანეს ჰანი მნიშვნელოვანს უწოდებს ბელორუსიის საკითხზე კონსენსუსის მიღწევას


ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვეტილება მიიღეს, ბელორუსიისთვის დაწესებული სანქციების დიდი ნაწილი გააუქმონ, მაგრამ ძალაში რჩება იარაღის ემბარგო. ასევე, ერთი წლით გახანგრძლივდა სანქციების მოქმედება იმ ოთხი ბელორუსი მაღალჩინოსნის მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ბელორუსიის ოპოზიციის აქტივისტთა ათი წლის წინანდელ გაუჩინარებასთან კავშირში. ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა ევროკავშირის მიერ მიღწეულ კონსენსუსს „მნიშვნელოვანი“ უწოდა: „თვალნათელია გარკვეული წინსვლა ორმხრივ ურთიერთობებში, რაც, ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენთვის, ევროპელებისათვის, სტაბილურობას ყოვლისმომცველი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს სამეზობლო პოლიტიკაში. კარგი მეგობრული ურთიერთობა მეზობლებთან, ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ვფიქრობ, რომ ბელორუსიაც უნდა იყოს იმით დაინტერესებული, რომ რეგიონში, ასე ვთქვათ, გაწონასწორებული პოლიტიკური რეპუტაცია ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, მივესალმები ასეთ შედეგს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც (ბოსნია-ჰერცეგოვინის მსგავსად), მომავალში კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი,“ - განაცხადა ჰანმა 15 თებერვალს ბრიუსელში კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ. ევროკავშირის 15 თებერვლის გადაწყვეტილება მოჰყვა ურთიერთობების ბოლოდროინდელ "დათბობას" ბრიუსელსა და მინსკს შორის. ზოგიერთი სანქცია 2004 წელს იყო დაწესებული და მათი მიზანი იყო მინსკის დასჯა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას ადმინისტრაციამ დასავლეთის გული მოიგო აგვისტოში პოლიტპატიმრების განთავისუფლებით და უკრაინის გარშემო სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის მასპინძლობის გაწევით. თუმცა, ბრიუსელის 15 თებერვლის გადაწყვეტილების კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ბელორუსიაში არაფერი შეცვლილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის მხრივ და კვლავ მიიჩნევენ, რომ საჭიროა ზეწოლის გაგრძელება, რათა მინსკი დათანხმდეს დემოკრატიული რეფორმების გატარებას.

XS
SM
MD
LG