Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა, რომ არ ცნობს ყირიმის ანექსიას


ევროპის კავშირმა ერთხელ კიდევ დაადასტურა, რომ არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას. დღეს გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ 28 ქვეყნისგან შემდგარი ეს გაერთიანება „კვლავინდებურად გმობს საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას“. ამასთანავე, მოგერინი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ყირიმის ნახევარკუნძულზე სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის რაოდენობის ზრდისა და რეგიონში ადამიანის უფლებათა არასახარბიელო მდგომარეობის გამო. კერძოდ, განცხადებაში საუბარია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების არარსებობაზე, სარწმუნოებასთან დაკავშირებული უფლებების ხელყოფაზე,ეთნიკური უმცირესობების (ძირითადად, ყირიმელი თათრების) უფლებათა შეზღუდვაზე. განცხადებაში გამოთქმულია მოწოდება უკრაინელი კინორეჟისორის, ოლეგ სენცოვის გათავისუფლებისკენ. სენცოვი ყირიმში, 2014 წლის მაისში დააპატიმრეს და შარშან, აგვისტოში, ტერორიზმის ბრალდებით, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს განაჩენი პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

XS
SM
MD
LG