Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელის აფეთქებების მსხვერპლთა რიცხვმა 28-ს მიაღწია


ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში მოწყობილი ორი და მეტროს სადგურ „მელბეეკში“ განხორციელებული ერთი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 28-ს მიაღწია: აეროპორტში დაიღუპა 13, ხოლო მეტროში - 15 ადამიანი. დაჭრილთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენს. როგორც „ბელგას“ საინფორმაციო სააგენტო იუწყება, აფეთქებებამდე გაისმა სროლის ხმა და ვიღაცის ხმამაღალი შეძახილები არაბულ ენაზე. ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრის იან იამბონის განკარგულებით, ქვეყანაში გამოცხადდა ტერორის საფრთხის უმაღლესი საფეხური. პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა თავდასხმებს „სასტიკი“ და „მხდალი“ უწოდა, ხოლო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ, რომელიც ვიზიტით იმყოფება იორდანიაში, განაცხადა: „დღევანდელი დღე წუხილის დღეა ევროპაში, რადგან ევროპა და მისი დედაქალაქი დღეს განიცდიან ტკივილს, რომელიც კარგად არის ნაცნობი ამ რეგიონისთვის: სირიაში თუ სხვაგან. ჩვენ ჯერ კიდევ ველით უფრო ზუსტ ცნობებს ბრიუსელის თავდასხმების დინამიკაზე, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ იმ ტკივილის ფესვები, რომელსაც განვიცდით მთელს ჩვენს რეგიონში, ერთი და იგივეა. და ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ არა მარტო მსხვერპლის გამო გლოვაში, არამედ ამ თავდასხმებზე პასუხშიც; ერთად უნდა აღვკვეთოთ რადიკალიზაცია და ძალადობა.“ დღევანდელ აფეთქებებამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში დააკავეს პარიზში, შარშან ნოემბერში მოწყობილი თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი. თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, უკავშირდება თუ არა ეს აფეთქებები აბდესლამის დაპატიმრებას.

XS
SM
MD
LG