Accessibility links

სოდ-ის ყოფილ ხელმძღვანელს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (დაუსწრებლად)


თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორ ეპიზოდში დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა. ამის შესახებ დღეს განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. მისივე ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევით დადასტურდა, რომ 2008 წელს კოდუამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ მოქალაქეს, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, სახელმწიფოსთვის გადასაცემად 90 ათას დოლარად აყიდინა ორი ავტომანქანა, რომელთაგან ერთი თავისი შვილის სახელზე გააფორმა; ხოლო 2009 წელს ამავე ბრალდებით დაკავებული მოქალაქის ოჯახის წევრს გადაახდევინა თავისი დედის მიერ შეძენილი ავტომანქანის საფასური, 92 ათასი დოლარი და დამატებით შეაძენინა 41 500 ლარის ღირებულების ავტომანქანა. პროკურატურის განცხადებითვე, სასჯელის შთანთქმის პრინციპისა და 2012 წლის ამნისტიის კანონის საფუძველზე, კოდუასთვის დანიშნული სასჯელი, ორი წელი და რვა თვე, შემცირდა და საბოლოოდ სასამართლომ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

XS
SM
MD
LG