Accessibility links

logo-print

აპრილიდან საქართველოში პედაგოგების ხელფასი გაიზარდა


აპრილის ბოლოს პედაგოგები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, კარიერული სქემის ფარგლებში, პედაგოგებს ხელფასი 1-ელი აპრილიდან გაეზარდათ. მისივე განმარტებით, საბაზო ხელფასიც გაიზრდება კიდევ 50 ლარით, როგორც ეს შეთანხმებული იყო და შესაბამისად, გაიზრდება დანამატები საფეხურების მიხედვით. „2016 წლის აპრილიდან, პრაქტიკოსი მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის უკვე დაახლოებით 600 ლარი, ხოლო 2012 წელს იყო 360 ლარი. უფროსი მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის 800 ლარი, 2012 წელს იყო 450 ლარი. წამყვანი მასწავლებლის ხელფასი არის 965 ლარი, 2012 წელს დაახლოებით 500 ლარი იყო. პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში გვაქვს 67%-იანი ზრდა, 78%-იანი ზრდა - უფროსი მასწავლებლის შემთხვევაში და წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში - 93% ზრდა“, - განაცხადა სანიკიძემ. მინისტრის თქმით, მასწავლებელთა ხელფასის მომდევნო ზრდა 2017 წელს 1-ელი იანვრიდან განხორციელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდიდან მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება 800-900 ლარი უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG