Accessibility links

logo-print

ლავროვი: მთიან ყარაბაღზე თურქეთის განცხადებები „მიუღებელია“


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკრიტიკა თურქეთი „სრულიად მიუღებელი“ განცხადებებისთვის აზერბაიჯანის ძალებსა და ამ ქვეყანაში სომხეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის კონფლიქტის გამწვავების დროს. ეს იყო მოწოდება არა მშვიდობის, არამედ ომისკენ, განაცხადა ლავროვმა 22 აპრილს, თავის კოლეგა ედუარდ ნალბანდიანთან შეხვედრის შემდეგ. სერგეი ლავროვი სომხეთში ჩავიდა და ამ ქვეყნის ლიდერთან ერთად განიხილავს აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, აზერბაიჯანის ჯარსა და სეპარატისტულ ძალებს შორის ბოლოდროინდელ დაპირისპირებას. ოთხდღიანი სროლის შემდეგ დაიდო ზავი, რომელიც ხანგამოშვებით ირღვევა. დღეს ძირეულად მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მკაცრი დაცვაო, თქვა ლავროვმა ერევანში. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი გვერდში უდგას თავის ძმას, აზერბაიჯანს. მისივე თქმით, მთიანი ყარაბაღი ერთ დღეს დაუბრუნდება თავის ნამდვილ მფლობელს და ეს იქნება აზერბაიჯანი. ერდოანმა რუსეთი დაადანაშაულა, რომ სომხეთს უჭერს მხარს ამ კონფლიქტში. ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობა გაუარესდა მას მერე, რაც გასულ წელს თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო სირიის საზღვართან.

XS
SM
MD
LG