Accessibility links

logo-print

ევროკომისარი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები წელსვე შეძლებენ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას


ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანებაზე მოლაპარაკების საკითხებში, იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ ევროკავშირის პარტნიორ, მასში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებზეა დამოკიდებული, ინტეგრაციის პროცესში რამდენად სწრაფად წაიწევენ წინ და შეასრულებენ ევროკავშირის მოთხოვნებს. ამ საკითხს ჰანი შეეხო პრაღაში, რადიო თავისუფლების შტაბბინაში სტუმრობისას. ჰანმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის და კოსოვოს მოქალაქეები წელსვე შეძლებენ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას. "ერთი რამ უნდა გვესმოდეს: ჩვენი, როგორც ევროპის კომისიის ვალია, ყველას თანაბრად მოვექცეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთნაირ მეთოდოლოგიას მივმართავთ უკრაინის, საქართველოსა და, ასევე, კოსოვოს შემთხვევაში. იგივე ითქმის თურქეთზეც. მაგრამ ყველაფერი ჩვენს პარტნიორ ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული: რამდენად სწრაფად იმოქმედებენ და რამდენად დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს. ამასთანავე, ამ თვალსაზრისით თურქეთს არაფერს შევთავაზებთ, ასე ვთქვათ, უფრო იაფად ვიდრე სხვა ქვეყნებს, რადგან არსებობს მოთხოვნები, რომლებიც ყველამ უნდა შეასრულოს", - განაცხადა ევროკომისარმა ჰანმა.

XS
SM
MD
LG