Accessibility links

logo-print

უკრაინის პროკურორის პოსტზე დაამტკიცეს პრეზიდენტის მოკავშირე


უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის გენერალური პროკურორის პოსტზე დაამტკიცა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ახლო მოკავშირის კანდიდატურა. 12 მაისს დეპუტატებმა 264 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი იური ლუცენკოს - მას შემდეგ, რაც გააუქმეს პირობა, რომ გენერალური პროკურორის პოსტზე წარდგენილ პირებს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ უმაღლესი იურიდიული განათლება და ამ სფეროში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება. ამ კანონის გატანის პროცესში ზოგიერთი დეპუტატი სკანდირებდა „სირცხვილიო“, სხვები პროცედურულ დარღვევებზე მიუთითებდნენ. კენჭისყრის შემდეგ, პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ლუცენკო ამ პოსტზე დაინიშნა. 51 წლის ლუცენკო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრია და ხელმძღვანელობდა პოროშენკოს საპარლამენტო ფრაქციას. საუნივერსიტეტო განათლება მას ინჟინერიის სფეროში აქვს მიღებული. გენერალური პროკურორის პოსტს დასავლეთი განიხილავს საკვანძოდ, უკრაინაში ფესვგადგმულ კორუფციასთან საბრძოლველად. პოროშენკომ თებერვალში გაათავისუფლა თანამდებობიდან წინა გენერალური პროკურორი, ვიქტორ შოკინი, რომელსაც კორუმპირებული ოფიციალური პირების მიმართ უმოქმედობაში სდებდნენ ბრალს.

XS
SM
MD
LG