Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ეროვნულმა ფორუმმა“ პრეზიდენტს მიმართა, შეიწყალოს „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებულები


”ეროვნულმა ფორუმმა“ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიმართა, შეიწყალოს ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები. თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა, რომ პარტიის იურისტებისა და სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, ე.წ. კაბელების საქმე მსჯავრდებულთა უდანაშაულობაზე უფრო მიანიშნებს, ვიდრე ბრალეულობაზე. კახა შარტავას თქმით, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა პროცესს აძლევს პოლიტიკურ შინაარსს, რამაც შესაძლოა, დამატებითი სიმწვავე შესძინოს ისედაც რთულ წინასაარჩევნო პერიოდს. შარტავას შეფასებითვე, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მომდევნო ინსტანციების იმედი ნაკლებად რჩება. „საქმისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და უსამართლობის მორიგი მსხვერპლის და პოლიტიკური ვითარების არასასურველი გამძაფრების თავიდან ასაცილებლად, რაც მნიშვნელოვანია საარჩევნო კამპანიის მეტ-ნაკლებად ნორმალურ გარემოში წარმოებისთვის, თხოვნით მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და შეიწყალოს მსჯავრდებულები”, - განაცხადა „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ. 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში და 7-7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG