Accessibility links

logo-print

რუსეთი უარყოფს კავშირს ხურჩაში საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან


ხურჩაში მომხდარ ინციდენტს განცხადებით ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქის დაღუპვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრადიციისამებრ გამოიყენა პროპაგანდისტული სავარჯიშოსთვის „რუსული ოკუპაციის“ თემაზე. „ამასთან, თბილისში მშვენივრად იციან, რომ არც მოსაზღვრეებს და რუსეთის არც სხვა წარმომადგენლებს არ ჰქონიათ კავშირი ამ, გულწრფელი სინანულის გამომწვევ შემთხვევასთან“ - ვკითხულობთ განცხადებაში. ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 19 მაისს დაიღუპა გიგა ოთხოზორია. მოკლულის ოჯახის ახლობლების და ქართული მხარის განცხადებით, ის გამშვებ პუნქტთან დაჭრეს სასიკვდილოდ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 მაისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ „მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ფაქტიური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. აღნიშნული მკველელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას“. ტექსტში ნათქვამია, რომ ქართული მხარე გამოიყენებს არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა მოხდეს შესაბამისი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი რეაგირება და დამნაშავეები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.

XS
SM
MD
LG