Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს ჰუმანიტარულ სამიტზე გამოსვლისას ახსენა გიგა ოთხოზორიას მკვლელობა


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გაეროს ჰუმანიტარულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ახსენა სოფელ ხურჩაში 19 მაისს მომხდარი ინციდენტი - აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობა: „რამდენიმე დღის წინ უდანაშაულო, შეუიარაღებელი, მშვიდობიანი ქართველი მოქალაქე დაუნდობლად მოკლეს საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელი პუნქტის მახლობლად. ამ საშინელი ინციდენტის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვამახვილებთ ყურადღებას ჩვენს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, ძალები გავაერთიანოთ, რათა თავიდან ავიცილოთ და ბოლო მოვუღოთ კონფლიქტებს“, - განაცხადა მარგველაშვილმა სტამბულში, გაეროს მიერ ორგანიზებულ ორდღიან სამიტზე, რომელიც მსოფლიოს ჰუმანიტარულ პრობლემებს ეძღვნება. სამიტს ესწრება მსოფლიოს 60-მდე ლიდერი. ამავე შეკრებაზე გამოსვლისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა მოუწოდა მთავრობებსა და საქმიანი წრეების ლიდერებს, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს და დონორებს, მიზნად დაისახონ 2030 წლისთვის იძულებით ადგილნაცვალ პირთა რაოდენობის განახევრება მსოფლიოში. მსოფლიოში ახლა 60 მილიონამდე იძულებით ადგილნაცვალი პირია და დაახლოებით 125 მილიონი საჭიროებს მხარდაჭერას და დახმარებას.

XS
SM
MD
LG