Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი: 2008 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ასეთი მაჩვენებელი


საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა მიუთითებს სტაბილურობაზე, გაუმჯობესებულ ბიზნესკლიმატზე, ინვესტორების მხრიდან საქართველოს აღქმაზე კარგ საინვესტიციო გარემოდ და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ძალიან კარგ მუშაობაზე - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ის გამოეხმაურა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გასულ კვირაში გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებს, რომელთა თანახმად, 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 376 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც 103%-ით აღემატება 2015 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2008 წლის შემდეგ საქართველოში პირველად დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ასეთი მაჩვენებელი. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3%-ითაა გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. „საქსტატის“ ინფორმაციით, იმპორტი 8%-ითაა გაზრდილი, ექსპორტი კი 12%-ით ნაკლებია. 2016 წლის იანვარ-მაისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 62%.

XS
SM
MD
LG