Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათობით ამერიკელი დიპლომატი უჭერს მხარს სირიის სამთავრობო ძალების საწინააღმდეგო საჰაერო კამპანიას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 50-ზე მეტმა ოფიციალურმა პირმა მოაწერა ხელი შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილ დოკუმენტს, რომელიც შეიცავს სირიაში აშშ-ის პოლიტიკის კრიტიკას და მოწოდებას სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების განხორციელებისკენ. უოლ სტრიტ ჯორნალის თანახმად, წერილს ხელი მოაწერა სახელმწიფო დეპარტამენტის შუა და ზედა რანგის 51-მა წარმომადგენელმა - პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ სირიაში აშშ-ის პოლიტიკის ფორმულირებაში. როგორც იუწყებიან, დოკუმენტში გამოთქმულია მოწოდება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგული ძალების წინააღმდეგ საჰაერო იერიშის განხორციელებისკენ, წლის დასაწყისში შეთანხმებული ზავის დარღვევის ფონზე. კოპენჰაგენში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ 17 ივნისს განაცხადა, დოკუმენტი წარმოადგენს „მნიშვნელოვან განაცხადს“, თუმცა მას არ გავცნობივარო. კერის თქმით, ის ამ საკითხს ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ განიხილავს. სირიის ძალების ან ასადის მთავრობის ობიექტებზე საჰაერო თავდასხმები იქნებოდა მნიშვნელოვანი ცვილილება ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკაში, რომელიც გულისხმობს სირიის სამოქალაქო ომში პირდაპირი ფორმით ჩაურევლობას. სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო. მას შემდეგ დაიღუპა 270,000-ზე მეტი ადამიანი, მილიონობით პირი იძულებული გახდა სახლ-კარი დაეტოვებინა. ზოგადად, მიმდინარე პოლიტიკის კრიტიკის შემცველ დოკუმენტებზე ხელმოწერების შეგროვება დამკვიდრებული პრაქტიკაა სახელმწიფო დეპარტამენტში, თუმცა, ამ შემთხვევაში, ხელმომწერთა დიდ რაოდენობას მიიჩნევენ უჩვეულოდ.

XS
SM
MD
LG